როგორ დავგეგმოთ ელექტრონული კომერცია სწორად

თქვენ უკვე გაგიჩნდათ საინტერესო იდეა და მის განხორციელებასაც შეუდექით. დაარეგისტრირეთ კომპანია, შექმენით ინტერნეტ გვერდი ან ონლაინ მაღაზია და მზად ხართ დაიწყოთ თქვენი სერვისების ან პროდუქტების რეალიზაცია. ეს ძალიან კარგია, მაგრამ აუცილებელია ვიცოდეთ, თუ როგორ დავგეგმოთ და განვახორციელოთ ონლაინ გაყიდვები.

სწორად შერჩეული ონლაინ გაყიდვების პლატფორმა

ონლაინ გაყიდვების პლატფორმა სხვადასხვანაირია და მისი სწორად არჩევა და პროექტის ნაწილში გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. თუ თქვენი პროექტი წარმოადგენს ფიზიკური პროდუქტის რეალიზებას, თქვენ უნდა შეარჩიოთ ონლაინ გაყიდვების ისეთი სისტემა, რომელიც მოიცავს პროდუქტის სორტირების, დამატების, შესწორების, ონლაინ ინვოისინგის, სასაწყობე მოდულებთან ან ფინანსურ მოდულებთან თავსებადობას და პროდუქტებზე დამატებითი ან ინდივიდუალური პარამეტრების გადაბმის შესაძლებლობას.

ხოლო,  თუ პროექტი მოიცავს სერვისის ან ინფორმაციის მიწოდებას, ან ელექტრონული პროდუქტის რეალიზებას, მაშინ აუცილებელია გაყიდვების სისტემა მოიცავდეს ელექტრონული პროდუქტების ატვირთვის, დამატების, მომხმარებლის მხრიდან ჩამოტვირთვის და აღრიცხვის შესაძლებელობებს. 

ასევე არ არის აუცილებელი კონკრეტულად რომელიმე გაყიდვების პლატფორმა გამოიყენოთ. შესაძლებელია ინდივიდუალური ვებ გვერდის საშუალებით მოახდინოთ სერვისის ან პროდუქტების რეალიზება.

აუცილებლად უნდა შეაფასოთ რა მოცულობის პროდუქტების მართვა და სორტირება გიწევთ, რა ინფორმაცია და დამატებითი დეტალები გაქვთ მისაწოდებელი მომხმარებელბისთვის. ამ ყოველივეს გათვალისწინებით თქვენ შეარჩევთ თქვენზე მორგებულ, მსუბუქ და მარტივ პლატფორმას რომლის მართვა იქნება ნაკლები თავისტკივილი და გექნებათ მეტი შესაძლებელობა, რომ ბიზნესის განვითარებისთვის სხვა მეტად მნიშვნელოვან თემებზე გადაერთოთ. (გაყიდვები, მარკეტინგი ახალი პარტნიორები , წარმოების გაფართოება)

მიაღწიო პროცესების ოპტიმიზაციას

მას შემდეგ რაც შეარჩიეთ სავაჭრო პლატფორმა, აუცილებელია მიაღწიოთ პროცესების ოპტიმიზაციას. რაც შეიძლება მარტივად უნდა შეძლოთ პროდუქტების დამატება, მართვა, მოდიფიცირება. ზუსტად შეადგინეთ პროდუქტის ან სერვისის შესახებ ის ინფორმაცია, რომელიც გინდათ რომ განთავსდეს. არ არის აუცილებელი დაწეროთ ბევრი და უაზრო ტექსტი, მთავარია ზუსტად აღწეროთ პროდუქტის შესაძლებელობა და სათაური. მომხამრებელმა ერთი შეხედვით უნდა მიიღოს ინფორმაცია ფასის და შესყიდვის დეტალების შესახებ.

პროცესები უნდა იყოს დაგეგმილი ეტაპებად, რომ შეძლოთ ეტაპობრივად შედეგების მიღწევა და მათი გაანალიზება.  შეიძლება  კატალოგში ათასობით პროდუქცია ან სხვადასხვანაირი სერვისები გაქვთ, მაგრამ დაიწყეთ უმნიშვნელოვანესი პროდუქტების დამატებით და შემდგომ დაამატეთ ეტაპობრივად სხვები.

გქონდეს ონლაინ გადახდების არხები

მთავარი, რაც აუცილებელია, ეს არის ონლაინ გადახდების მიღება, რისი მეშვეობითაც თქვენი საიტის  ვიზიტორები გადაგიხდიან თანხას, ამიტომ საიტზე უნდა შესთავაზოთ სწორად შერჩეული გატესტილი და ბაზარზე არსებული პოპულარული გადახდის მეთოდები.

დღესდღეობით ონლაინში ფართოდ გავრცელებული გადახდის მეთოდები გახლავთ საბანკო ბარათები (ვიზა და მასტერქარდი) და ელექტრონული საფულეები. თანამედროვე ონლაინ კომერციაში,  ხელზე თანხის გადახდის ოფცია არც კი განიხილება. ონლაინ კომერციის მთავარი აზრიც ის არის, რომ გადახდები მიიღოთ მარტივად და დაცულად.

საბანკო ბარათებიდან თანხის მიღება ერთი შეხედვით მარტივი ჩანს, თუმცა, აუცილებლია ვიცოდეთ, რომ არსებობს რისკები ყოველი ტრანზაქციის მიღებისას და კომპანიას ეს რისკები უნდა ჰქონდეს გათვალისწინებული, რათა შეძლოს ამ პროცესების მართვა. ეს რისკებია: მოპარული ბარათები, სხვის მაგივრად გატარებული ტრანზაქციები, ან მიზნობრივად თანხის გათეთრების მცდელობები.

გადახდების მიღება ელექტრონული საფულეებიდან ისეთივე მარტივი პროცესია, როგორც ბარათები და მეტიც, ელექტრონული საფულის მფლობელი უფრო მეტად ინტერნეტიზირებული მომხმარებელია და უფრო კარგად იცის, თუ როგორ იყიდოს პროდუქცია და გამოიყენოს თავისი ფინანსები ონლაინში.

გქონდეს გამორჩეული კონტენტი

ონლაინ მაღაზია ფასობს მისი გამორჩეული კონტენტით, იმ პროდუქტებით, თუ შეთავაზებებით, ან სერვისის მიწოდების პირობებით, რომელიც გამოგარჩევთ კონკურენტისგან. მცირედი დეტალიც კი მნიშვნელოვანია, რომ თქვენს გვერდზე შემოსულმა მომხმარებელმა გადაწყვიტოს პროდუქტის თქვენთან შეძენა და არა თქვენს კონკურენტთან, თუნდაც უკვე ნანახი ჰქონდეს ეს პროდუქტი მის საიტზე. მაგალითად: ყურადღება მიაქციეთ ფასდაკლების შეთავაზებას, ან  ტრანსპორტირების ან გადახდის პირობებს. თქვენთან უნდა იყოს შექმინილი მეტი კომფორტი, რომ მომხმარებელი დარჩეს და გააგრძელოს თქვენი პროდუქციის თვალიერება.

განათავსო რეალური და არა „მიახლოებული“

ყველა ადამიანში ნდობას იწვევს რეალური ინფორმაციის მიწოდება - როდესაც მომხმარებელს უხსნი და აჩვენებ იმ რეალობას, რომელსაც ის მიიღებს და ნამდვილად იქნება ისეთი, როგორც საიტზე იყო აღწერილი. არ დაგეზაროთ პროდუქტის შესახებ ინფორმაციები დადოთ რაც შეიძლება რეალური და დეტალური. თქვენ უნდა გრძნობდეთ, რომ ონლაინ მაღაზიაში პროდუქტების განთავსება ისეთივე პროცესია, როგორც რეალურ მაღაზიაში ნივთების გამოფენა.

თუ თქვენ ყიდით წითელ კაბას, კოპლებით - საიტზეც განათავსებთ კაბის ფოტოს, მაგარამ აუცილებლად დაუმატეთ ფოტო ახლო ხედით სადაც ყურადღება გამახვილებული იქნება კოპლებზე.  ნუ დაუშვებთ, რომ მომხმარებელმა ყიდვის შემდეგ აღმოაჩინოს კოპლები, რომელიც ფოტოზე არ ჩანდა საიტზე თვალიერებისას.

შეფუთო და განათავსო მუდმივად განახლებული

საიტი მზად არის, სწორად არის შერჩეული გადახდის პლატფორმა, ონლაინ გადახების არხები, პროდუქციაც რეალური და ხარისხიანი ფოტოებით არის წარმოდგენილი, მაგრამ კიდევ არის დარჩენილი დეტალები რაც მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ.

პროდუქციის შეფუთვა და ტრანსპორტირება.

უმეტეს შემთხვევაში ტრანსპორტირება და მისი სისწრაფე საზღვრავს საიტისადმი მომხამრებლის ნდობას და დამოკიდებულებას.  თუ თქვენ მოგეწონათ შარფი რომელიც ახლა გინდათ და ამაში მზად ხართ გადაიხადოთ 500 ლარი, ეს შარფი ლამაზად შეფუთული, რაც შეიძლება მალე უნდა გაიგზავნოს და თუ ნადვილად სწრაფად მიუვა მომხმარებელს, ის მეორედაც სიამოვნებით იყიდის მეორე შარფს თავისი მეგობრისთვის. ასევე სიამოვნებით გააზიარებს სოციალურ ქსელებში ამ ფაქტს.

ტრანსპორტირება და გადამზიდავი კომპანიები. 

საქმე როდესაც ტრანსპორტირებამდე მიდის, რამოდენიმე ვარიანტია: ან თქვენი რესურსებით ახორციელებთ პროდუქციის მიტანას, ან ეძებთ თქვენს რეგიონში საკურიერო კომპანიას, რომელიც დათქმულ ვადებში მიიტანს თქვენს პროდუქციას. აუცილებლად დარწმუნდით და მოთხოვეთ საკურიერო კომპანიას, რომ პროდუქტის ჩაბარების დოკუმენტაცია აწარმოოს და წარმოგიდგინოთ ყოველთვის, როდესაც დასრულდება შეკვეთა. შეიძლება ეს პროცესი ფურცლებით იყოს, შეიძლება - ელექტრონულად (მაგრამ აუცილებელია, რომ იყოს).

განაახლეთ პროდუქტი და მის შესახებ ინფორმაცია.  

განაახლეთ ყოველთვის, როცა ამის საშუალება მოგეცემათ. დაუმატეთ დეტალები და მეტად აღუწერეთ პროდუქტი ან სერვისი საიტის ვიზიტორს.

კომუნიკაცია მომხმარებელთან

ზემოთჩამოთვლილ პუნქტებს, აუცილებელია, დავუმატოთ კომუნიკაცია მოხმარებლებთან. გადაუხადე მადლობა, რომ შეიძინა თქვენთან პროდუქტი და არა შემაწუხებლად, ყოველთვის უნდა მიაწოდოთ ინფორმაცია სიახლეების და განახლებული სერვისების შესახებ. არასდროს არ „დასპამოთ“ მომხმარებელი. (ყოველთვის გამოახატინეთ თანხმობა საიტზე, რომ მას სურს და ეთანხმება თქვენგან შეტყობინებების მიღებას.)

 

კარგია, რომ გადადგით ნაბიჯი, ან აპირებთ რომ დაიწყოთ ონლაინ კომერცია. არ შეგაშინოთ სირთულეებმა, რამეთუ ინტერნეტი იმდენად დიდი სივრცეა, რომ ყოველთვის მოიძებნება გამოსავალი პრობლემის გადასაჭრელად.

 

კობა ქურდაძე